dedis-rdzis-gamotsvela
რჩევები დედებს დედის რძის გამოწველა 12 სექ 2019 Share Share

დედის რძის გამოწველა

     რატომ გამოვიწველოთ რძე?-შეიძლება იკითხოს გამოუცდელმა დედამ.  პასუხი მარტივია:  რძის გამოწველა საუკეთესო საშუალებაა მისი რაოდენობის კონტროლის, ასევე სარძევე ჯირკვლის ანთების პროფილაქტიკის და ლაქტაციის ხელშეწყობისა ძუძუთი კვების დროებითი შეუძლებლობისას.

     მნიშვნელოვანია რძის მომარაგება გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, მაგ; დედის ან ჩვილის ჰოსპიტალიზაცია. რძის მარაგი ასევე საჭიროა სამსახურში გასვლისას, თქვენ შეძლებთ  არა მხოლოდ პატარას უზრუნველყოფას საუკეთესო საკვებით, არამედ- ლაქტაციის შენარჩუნებას.

    რძის გამოწველა შესაძლებელია ხელითაც და სპეციალური რძის გამოსაწველი აპარატებით, თუ თქვენ რძის გამოწველა არც ისე ხშირად გჭირდებათ, საკმარისი იქნება რძე ხელით გამოიწველოთ. გამოწველის წინ  კარგად დაიბანეთ ხელები, მოათავსეთ დიდი და საჩვენებელი თითები დვრილის ორივე მხარეს დაახლოებით 3-5 სმ მოშორებით და რიტმული ზეწოლის შედეგად დვრილის მიმართულებით გამოიწველეთ რძე. გახსოვდეთ, თუ თითები ახლოს იქნება დვრილთან, იგრძნობთ ტკივილს და ამასთან გამოწველილი რძის რაოდენობაც იქნება მცირე.  ელექტრო და ხელის რძის გამოსაწველი აპარატების მეშვეობით შეძლებთ უფრო ეფექტურად გამოიწველოთ რძე. აღნიშნული აპარატები ახდენენ  ძუძუს წოვის იმიტირებას და არ იწვევენ ტკივილს.      რძის შესანახად  გამოიყენეთ სტერილური ბოთლები, სპეციალური კონტეინერები  ან პაკეტები.  აუცილებლად დააწერეთ რძის გამოწველის დრო.

 

                         როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე?

 

ოთახის ტემპერატურაზე (19-26˚C): მაქსიმუმ 3-4 საათი;

მაცივარში (4 ˚C): 3 დღემდე;

საყინულე კამერაში (±-5˚C): 2-3 კვირა;

საყინულეში (-18˚C)-მდე: 3-4 თვე;

დაბალი ტემპერატურის კამერაში (-18˚C და ნაკლები): 6 თვემდე.

 

                                   როგორ გავალღოთ რძე?

    ნელა: დადგით ბოთლი მაცივრის ზედა თაროზე. თანდათანობით გალღობას  რამდენიმე საათი დასჭირდება. მთავარი უპირატესობა: დედის რძის სხვადასხვა დამცავი თვისებების შენარჩუნება.

   უფრო სწრაფად: დაიკავეთ ბოთლი ან კონტეინერი  წყლის ჭავლის ქვეშ. თანდათანობით ცვალეთ წყლის ტემპერატურა. არ გააცხელოთ რძე ზედმეტად. წყლის ტემპერატურა, რომელიც 50 ˚C-ს აღემატება,  რძეს  უკარგავს  დამცავ თვისებებს.

          

                        

                   რამდენ ხანს შეიძლება გალღობილი რძის შენახვა?

ოთახის ტემპერატურაზე (19-26˚C): მაქსიმუმ 1 საათი;

მაცივარში: მაქსიმუმ 24 საათი;

გალღობილი და გამთბარი რძე უნდა გამოიყენოთ 1 საათის განმავლობაში.

 

                            როგორ გავათბოთ დედის რძე?

რძის გასათბობად  ბოთლი ჩადეთ თბილ წყალში ან გამოიყენეთ სპეციალური  საკვების გამაცხელებელი. გამთბარი რძით სავსე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რომ ტემპერტურა თანაბრად გადანაწილდეს, კომპონენტები ერთმანეთს შეერიოს და ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. საკვების ტემპერატურა შეამოწმეთ მაჯის შიდა ზედაპირზე დაწვეთებით.

   თუ ბავშვმა ბოლომდე არ დალია გამოწველილი რძე, არ გამოიყენოთ ის შემდეგი კვებისთვის, აუცილებლად გადაღვარეთ!