dzudzuti-kvebis-upiratesobebi
რჩევები დედებს ძუძუთი კვება 12 სექ 2019 Share Share

ძუძუთი კვების უპირატესობები

       ჩვილი ბავშვისთვის ოპტიმალური საკვებია დედის რძე, რომელიც შეესაბამება    მისი საჭმლის მომნელებელი სისტემის თავისებურებებს და ნივთიერებათა ცვლას, უზრუნველყოფს  ბავშვის  ორგანიზმის  ადეკვატურ  განვითარებას  მეძუძური ქალის რაციონალური კვების შემთხვევაში.  დედის რძის ყველა ნუტრიენტი ადვილად შეითვისება,  რადგან მისი შემადგენლობა და რაოდენობა  შეესაბამება  ჩვილი  ბავშვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციურ შესაძლებლობებს.  დედის რძე არის ჰორმონების და ზრდის ფაქტორების  წყარო, რომლებიც ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მადის, მეტაბოლიზმის, ზრდის  რეგულირებაში და ბავშვის ქსოვილების და  ორგანოების დიფერენცირებაში.

      დედის რძე ზრდის ბავშვის ორგანიზმის დაცვით ფუნქციებს.  დედის რძის ოლიგოსაქარიდები განაპირობებენ  ნაწლავის ჯანმრთელი მიკროფლორის ზრდას. ბოლო წლებში დედის რძეში  აღმოაჩინეს  ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, რომლებიც განსაზღვრავენ  იმუნიტეტის ფორმირებას. ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები  მნიშვნელოვნად იშვიათად ავადდებიან  ინფექციური დაავადებებით,  უყალიბდებათ უფრო მყარი პოსტვაქცინაციური იმუნიტეტი.  ძუძუთი კვება ამცირებს  ზრდასრულობაში  ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა.   დედის რძეზე  მყოფ ბავშვებში იშვიათად რეგისტრირდება უეცარი სიკვდილის  შემთხვევები. 

      ბუნებრივი კვება  დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე და  მის ფსიქიკურ სტატუსზე.  ძუძუთი კვების პროცესში დედას და ბავშვს შორის მყარდება  ღრმა ემოციური  კავშირი. დადასტურებულია, რომ   ბუნებრივ კვებაზე  გაზრდილი  ბავშვები  გამოირჩევიან ჰარმონიული ფიზიკური განვითარებით, არიან უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები.

  ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში. კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად.

   ძუძუთი კვებას  დიდი სარგებელი  აქვს ასევე დედის ჯანმრთელობისთვის, ის  ამცირებს ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს.