khili-da-patarebi-ratom-aris-tslamde-asakistvis-bavshvistvis-khili-gadamtsqveti-mnishvnelobis-da-ra-formit-mivtset-is
ბავშვის მოვლა რჩევები დედებს 16 ივნ 2022 Share Share

ხილი და პატარები – რატომ არის წლამდე ასაკისთვის ბავშვისთვის ხილი გადამწყვეტი მნიშვნელობის და რა ფორმით მივცეთ ის

იყო მშობელი უამრავ გამოწვევას უკავშირდება და ბავშვებისთვის ახალი პროდუქტების მიცემა, ჯანსაღი კვების მიჩვევა და ხილ–ბოსტნეულის შეყვარება მხოლოდ ერთ–ერთი მათგანია. ზრდასთან ერთად იცვლება პატარების კვების რაციონი და ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათთვის ხილის გასინჯვას და შემდეგ უკვე ყოველდღიურ რაციონში სტაბილურად ჩართვას. პატარა ასაკში ბავშვებისთვის ხილის მიცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ის, თუ რამდენად ინტენსიურად მიირთმევენ მცირე ასაკში ბავშვები ხილს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად მისაღები პროდუქი იქნება ის სამომავლოდ.

როდის გავასინჯოთ ბავშვს ხილი?

პედიატრები სხვადასხვა კვლევას ეყრდნობიან და მშობლებს დამატებითი კვების დაწყებას 4, 5 ან 6 თვის ასაკში ურჩევენ. დამატებითი კვების დაწყებისთანავე კი მისი ნაწილი უნდა გახდეს ხილი. პირველ ჯერზე ხილს ვთავაზობთ მცირე ულუფებით. სასურველია იყოს 1 ჩაის კოვზი და სამი დღის განმავლობაში ველოდებით რეაქციას. ახალი ხილის მიცემის აუცილებელი პირობაა ისიც, რომ თითოეული მათგანი უნდა გავასინჯოთ ცალ–ცალკე, რომ ვიცოდეთ როგორია ამა თუ იმ კონკრეტული პროდუქტის მიმღებლობა, პატარას ხომ არ აქვს ალერგია ან კუჭ–ნაწლავის გაღიზიანებას ხომ არ იწვევს. როდესაც უკვე დადასტურებით გვეცოდინება, რომ ხილის კონკრეტული სახეობები ჩვენს პატარას მოსწონს, შეგვიძლია ისინი ერთმანეთში ავურიოთ და ბავშვს მრავალფეროვანი გემოები შევთავაზოთ, რომ არ მობეზრდეს.

რომელი ხილი გავასინჯოთ პატარას პირველი?

ბავშვისთვის ხილის მიცემის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც სახეობას, ისე კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობას. უმჯობესია ხილი იყო ბიო პროდუქტი და არ შეიცავდეს პესტიციდებს, მისი მოყვანის დროს გამოყენებული არ იყოს ქიმიური დანამატები, რომლებიც ნაყოფიერებას უწყობს ხელს.

პირველი უნდა გავასინჯოთ ნაკლებად ალერგიული ხილი. მაგალითად, ასეთია ვაშლი ან ბანანი. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობაც. თუ პატარა დამატებით კვებას ზაფხულში იწყებს, მივცეთ  სეზონური ხილი და არა  – ბანანი.